რას არ გაიგებს კაცი. ერთი ცნობილი ქართული ფილმის არ იყოს – ყველაფერი გამიგია, მაგრამ ეს მოტობურთი რა არის ამიხსენითო, დაახლოებით ასეთი ამბავი დატრიალდა ბელგიაში, თუმცა რა თქმა უნდა არა ერთი-ერთში.
მოკლედ, არის ასეთი ფეხბურთელი დიდიე ლამკელა ზე, რომელიც „ანტვერპენში“ ირიცხება, მაგრამ ვაი ამ ყოფნას. კამერუნელ ლეგიონერს ბელგიურ კლუბში დარჩენა აღარ სურს და ყველანაირი ხერხით ცდილობ გუნდს თავი დააღწიოს. ორიგინალური რამ კი მოიფიქრა.
მოკლედ, დიდიე ლამკელა, გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მივიდა. ერთი შეხედვით ამაში ხომ უცნაური არაფერია, მაგრამ კინო ახლა იწყება. კამერუნელი ფეხბურთელი ბაზაზე არ შეუშვეს. საწრთვნელი კომპლექსის თანამშრომლებმა მას კარი ჩაურაზეს და არ გაუღეს. ეს ხომ უკვე გასაოცარია? ბაზის თანამშრომლების ამ საქციელს კი ახსნა და თან ლოგიკური ნამდვილად აქვს.
საქმე იმაშია, რომ დიდიე ლამკელა ბაზაზე „ანდერლეხტის“ მაისურში იყო გამოწკეპილი გამოცხადდა, არადა როგორც თავში ვახსენეთ ის „ანტვერპენის“ ფეხბურთელია და შესაბამისად ამ კლუბის ბაზაზე, მეტოქე გუნდის ფორმაში ჩაცმული მივიდა. კამერუნელ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ „ანტვერპენის“ ბოსებს ამ უცნაური საქციელით კიდევ უფრო გააღიზიანებს და კლუბიდან გაუშვებენ. ის, ამ ზამთარს ბერძნულ „პანათინაიკოსში“ გადასვლას ეშურება.
ისე კი, „ანტვერპენი“ ამ დროისთვის ბელგიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა.


