„პარისენჟერმენმა“ რომ მთავარ მწვრთნელს ტომას ტუხელს კარისკენ მიუთითა არახალი ამბავია. ფრანგულ გრანდში მუშაობის პერიოდში გერმანელმა სპეციალისტმა ორჯერ ქვეყნის ჩემპიონობა კი მოიპოვა, მაგრამ გუნდის მესვეურები ამით ვერ დაკმაყოფილდნენ. როგორც ჩანს, გუნდის ბოსებმა მას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი ვერ აპატიეს.
ტუხელმა სამსახური კი დაკარგა, მაგრამ არა მგონია ამის გამო დიდად დეპრესიაში ჩავარდეს. კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის გამო, რომელიც მას 2021 წლის ზაფხულში ეწურებოდა, ტუხელმა კომპენსაციის სახით 6 მილიონი ევრო მიიღო. ისე კი, გერმანელი მწვრთნელის ყოველწლიური ჯამაგირი 7,5 მილიონს ევროს შეადგენდა.
ტუხელს მოურისიო პოჩეტინო შეცვლის. აქვე, უცხოურ მედიაში დაირხა ხმები, რომ გერმანელი სპეციალისტი უქმად დიდხანს არ იჯდებაო. ამბობე, მალე ის ლონდონის „ჩელსის“ ჩაიბარებსო.





