მას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც, თუმცა ბოლო პერიოდში სასწორის პინა უარყოფითისკენ გადაიხარა.
საუბარია ევროთასებზე სტუმრად გატანილი გოლის წესზე, რომელიც უეფამ 1965 წელს შემოიღო, მას შემდეგ რაც ორმატჩიანი დაპირისპირებები დაინერგა.
ბევრი მითქმა-მოთქმაა, რომ უეფამ ეს წესი შესაძლოა გააუქმოს. პირველი ნაბიჯი ამ მხრივ უკვე გადაიდგა, როდესაც ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დაამტკიცა, რომ მომავალი სეზონიდან სტუმრად გატანილი გოლის ფაქტორი დამატებითი დროის დანიშვნის შემთხვევაში აღარ იმოქმედებს.
ახლა კი საუბარი საერთოდ მის გაუქმებაზე ჩამოვარდა. პოპულარული ბრიტანული გამოცემის The Times-ის ინფორმაციით, უეფას საკლუბო შეჯიბრებების კომიტეტის სხდომა გაიმართა და მისმა წევრებმა აღნიშნული წესის გაუქმებას მხარი დაუჭირეს.
ეს კი პირველი სერიოზული ნაბიჯია, რეფორმის გასატარებლად კი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის თანხმობაა საჭირო.








