ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა, 16 წლის ვალერი ერკოშვილია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერკოშვილი მოჭიდავე და სხვადასხვა ტურნირების წარმატებული მონაწილე იყო.
ძიუდოს კლუბ „შილდას” სახელით, ახალგაზრდა საჭიდაო ტურნირებზე საპრიზო ადგილებსაც იკავებდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 27 იანვარს ღამით მოხდა.
ვალერი ერკოშვილს, მსუბუქი ავტომანქანა ქუჩაში, ქვეითად გადაადგილების დროს შეეჯახა. ავტომობილს, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მართავდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მძღოლი სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.