დუბაიში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაიწყო მარიამ ბოლქვაძემ.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა, სასტარტო დაპირისპირებაში ინდოელი კარმან ტანდი დაამარცხა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რაზეც ანგარიშიც მეტყველებს – 7:6, 7:6. ჩვენებურმა ორივე სეტი საჩოგბურთო ლატარეაში მოიგო.
რეიტინგის მიხედვით, წყვილის ფავორიტად მარიამ ბოლქვაძე ითვლებოდა და სასიხარულოა, რომ მანაც ქომაგებს იმედები არ გაუცრუა. მატჩი ორსაათნახევარს გაგრძელდა და ჩვენებურმაც დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში მარიამ ბოლქვაძეს ურთულესი დაპირისპირება ელის. მისი მეტოქე რუსი მარგარიტა გასპარიანი იქნება, რომელიც მსოფლიოს 125-ე ჩოგანია, ხოლო ტურნირზე მე-14 ნომრად არის განთესილი.
ქართულ-რუსული ჯახი 12 იანვარს გაიმართება.