„ტოტენჰემიდან“ დათხოვნის შემდეგ, ჟოზე მოურინიო უმუშევარი დიდხანს არ დარჩენილა. მართალია, „განსაკუთრებული“, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს, არა სპეციალობით, არამედ სხვა სფეროში დასაქმდა, მაგრამ დროს უქმად მაინც არ გაიყვანს.
მოკლედ, პორტუგალიელი მწვრთნელი, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე და ბუნებრივია ამ უდიდესი საფეხბურთო ფორუმის მსვლელობის პერიოდშიც ჟურნალისტურ საქმიანობას მიჰყოფს ხელს. პოპულარულ ინგლისურ გამოცემა The Sun-ში მას საკუთარი ბლოგი ექნება, ხოლო პარალელურად სამშობლოში, ერთ-ერთ რადიოში იმუშავებს საფეხბურთო გადაცემის წამყვანად.
ამასობაში, ჟოზე მოურინიომ, The Sun-თან ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო და ხმაურიანი რამ განაცხადა, რაც ვფიქრობთ გერმანიაში და საფრანგეთში დიდად არ მოეწონებათ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „ბაიერნს“ და „პსჟ“-ს არასოდეს გაწრთვნის, რადგან მას კონკურენცია იზიდავს.
„ინგლისში კონკურენცია უმაღლეს დონეზეა, რაც დამატებითი მოტივაცია და ადრენალინია. გერმანიასა და საფრანგეთში კი მსგავსს ვერ განიცდით, რადგან ამ ორ ქვეყანაში ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი. მაგალითად, „ბაიერნს“ და „პსჟ“-ს თუ ჩაიბარებ საკუთარ თავს განაჩენს გამოუტან. ამიტომაც, ამ ორი კლუბის მწვრთნელი არასოდეს გავხდები“ – აღნიშნავს ჟოზე მოურინიო.








