სასიხარულო ამბავი მოვიდა მწვანე კონტინენტიდან, რომელიც განსაკუთრებით ჩოგბურთის მოყვარულთ გააბედნიერებს. სამეფო სპორტის გულშემატკივრებს ეცოდინებოდა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის გამართვის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. მიზეზი კი ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს – მსოფლიოში გამეფებული საყოველთაო პანდემია, რომელიც აგერ უკვე წელიწადია ყველას თავის ტკივილად გვექცა და 2020 წელს არაერთი სპორტული ფორუმი შეიწირა, მათ შორის უიბლდონიც, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წლეულს პირველად ჩაიშალა.
ავსტრალიის ღია პირველობას კი ჩაშლის საფრთხე აღარ ემუქრება. 2021 წლის რიგით პირველი მეიჯორი აუცილაბლად გაიმართება. მართალია, არა დათქმულ ვადებში, როგორც ეს მანამდე იყო გაწერილი და ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ ამ შემთხვევაში არა გვგონია ჩოგბურთის ქომაგი ამით დიდად განაწყენდეს. აი, ფუი ეშმაკს და რომ ჩაშლილიყო, გულდასაწყვეტი ეს იქნებოდა.
მოკლედ, ავსტრალიის ღია პირველობა ნაცვლად 15 იანვრისა, სტარტს 3 კვირის დაგვიანებით, 8 თებერვალს აიღებს და ჩვეულებისამებრ 14 დღეს გაგრძელდება. ჩოგბურთელები, მელბურნში შეკრებას 15 იანვრიდან დაიწყებენ და ორ კვირიან კარანტინს გაივლიან, თუმცა როგორც ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი კრეიგ ტილი განმარტავს, მათ ვარჯიშის შესაძლებლობა ექნებათ და სასტუმროში გამომწყვდეულები არ იქნებიან.
„ავსტრალიის ხელისუფლებასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები და დიდი შრომის გაწევა დაგვჭირდა, რათა ყველა საკითხი გადაგვეწყვიტა. საბედნიეროდ ყველაფერი ჩოგბურთის სასიკეთოთ დასრულდა. ავსტრალიის ღია პირველობა არ ჩაიშლება და ის 8 თებერვალს დაიწყება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ტურნირი ცარიელი ტრიბუნების თანხლებით არ გაიმართება და მაყურებელს შეზღუდვების გარეშე ექნებათ შესაძებლობა ნებისმიერ მატჩს დაესწრონ“ – ამბობს კრეიგ ტილი.